გაძლიერებული მილიტარიზაცია - რუსეთი ამიერკავკასიაში გავლენის გაფართოებას ცდილობს. მოსკოვმა მალე შესაძლოა "ისკანდერები" სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე განალაგოს. შესაბამის ინფორმაციას უკვე ფლობენ სამხედრო სფეროში მომუშავე ექსპერტები. არის თუ არა გიუმრის ბაზაზე სამხედრო კონტროლის გაძლიერება საფრთხისშემცველი საქართველოსთვის-გიუმრის საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 40-მდე კილომეტრიც აშორებს. ლიკა ხურციძე მუშაობდა თემაზე.
გიუმრისთან ერთად ოფიციალური მოსკოვი "ისკანდერების" განთავსებას ქვეყნის სამხრეთ ოლქშიც იწყებს. ადგილზე დღეს სამხედრო ტექნიკა საზეიმო ვითარებაში განთავსდა, ცერემონიას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეც დაესწრო. რუსული მედიის ინფორმაციით, მომავალში კიდევ 2 დივიზიონის მიღება იგეგმება. გადაწყვეტილება კრემლმა ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან ისკანდერის ტიპის სარაკეტო 10-ზე მეტი კომპლექსის განთავსების შემდეგ მიმიღო. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რეგიონში გაძლიერებული მილიტარიზაციის პროცესის გამო შეშფოთება უკვე გამოთქვეს. ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე ღიად განაცხადა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელობამ ოფიციალურ მოსკოვს უკვე მიმართა, რათა რეგიონში დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს. თუმცა მოსკოვში ამბობენ, რომ "ისკანდერების" განთავსება არც ერთ საერთაშორისო ნორმას არ არღვევს. სარაკეტო სისტემების განთავსების შესახებ პირველად ინფორმაცია კვირას გერმანულმა მედიამ არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. უკვე დღეს კი ამ ფაქტს კრემლი ოფიციალურად ადასტურებს და "ისკანდერ M-ის" სისტემის სარაკეტო კომპლექსების რაოდენობის გაზრდაზე ღიად საუბრობს.